შემოდგომის ათას ერთი საღამო..

შემოდგომის ათას ერთი საღამო.
ფოთოლცვენა როგორც ქვიშის საათი...
არ იქნება ხეტიალმა დაღალოს
მეუდაბნე ქარავანთა ტაატი.
შეღამებას მთვარე ათოვს ფანტასმებს,
შუაღამეს ფიქრი არ ენანება,
ქარავანი ქართა ითვლის ათასებს
ათასივე ლექსად მოექანება.
მთვარეული მეფის თვლემა, ბურანი,
სატრფო, თრობა, ბეწვი სიასამურის.
ათას ერთი ბრძენი როგორც ყურანი!
ათას ერთი დაკოდილი ამურით!
პოეტები არაბული ხავერდით,
იქორია აღმოსავლურ ძარღვებში.
ზოროასტრულ ცეცხლის მწველი ნავარდი
ჩაფესვილი ბაბილონის ნარღვევში.
ვარდისფერი ელდით განაფითრები
შემოდგომის მთვარე ღელვამ დაღალოს.
შემკობილი პატიოსან რითმებით
პოეზიის ათას ერთი საღამო!