შედარება

მე დავინიშნავ ამ მყუდრო ალაგს,
ფერს არ შეიცვლის მოსვლამდე ლოდი.
დღეის სწორს ლექსით ვეტყვი ჩემ ქალაქს
რა უფრო მწამდა და რას ველოდი.

მოვალ და ისევ მზე თუ დამხვდება
და ვინმე უცხოც, რომ არ ველოდი...
მე ვიტყვი, (ლოდი დამეთანხმება)
რა სევდიანი ხმებით ვმღეროდი.

ეს ჩემი სევდა შურად შერაცხეს,
ყოველი წამი ფიქრით მიქროდა.
მე ვაღიარებ, (ლოდი შემარცხვენს)
თვითმკვლელობაზე ხშირად ვფიქრობდი.

მე ამ ადგილას ვიქნები ხვალაც,
და მზის ჩასვლისას უფრო გელოდი...
ემახსოვრება ალბათ ჩემ ქალაქს
რა სევდიანი გრძნობით ვმღეროდი...