თავქვე მიდიან ტივები..

თავქვე მიდიან ტივები,
წყალი ამშვიდებს მწუხარს.
თავქვე მიდიან ტივები,
არ ბრუნდებიან უკან.
მორთულა მთვარის მძივებით
შავი მდინარის ტანი.
თავქვე მიდიან ტივები,
წყალივით მიდის ხანი.
მე ვეღარ ვარჩევ სხივებს,
მითხარი: მზეა, მზე!
თავქვე მიმავალ ტივებს
ვერ შეუბოჭავ გზებს.
ტუჩებდამსკდარი ქვევრი,
კაკალი მოსახოლი...
თუ ვერ დავბრუნდი, ბევრი
დამრჩება მოსაყოლი.
თავქვე მიმავალ ტივებს
როგორ შეუკრავ გზებს...
მითხარი: მზეა, მზე,
თენდება, მზეა, მზე!
...თავქვე მიდიან ტივები,
წყალი ამშვიდებს მწუხარს...