ხსოვნიდან მცირე ამონარიდზე ..

ხსოვნიდან მცირე ამონარიდზე
მომყვება ხოლმე ფიქრი მწუხრიდან,
და მეჩვენება თითქოს მარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი.

მე არ შევცვლილვარ კარგო იოტით,
რა ვქნა, თუ ჩემით ვერ იამაყებ.
და მაგონდება როგორ მტკიოდი.
იმ დროის მტვერში ბევრი დავმარხე...

დრო იყო ერთი, ლექსი მებადა
(და მეგობრების წრე განახევრდა)
მე მიყვარს მხოლოდ მოგონება და
წარსულზე დარდის მსუბუქი სევდა.

ერთადერთი გზა დარჩა წარსულთან,
გზა იასამნის ფერი ხიდებით.
განა რა მოხდა, რაც ჩვენ არ გვსურდა?
მაინც, ხანდახან როგორ მჭირდები...

ცხოვრების მცირე ამონარიდზე
თუ გამომყვება ფიქრი მწუხრიდან.
ბავშვივით ვშიშობ, შენ ამარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი...