შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა ..

შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა,
სისხლში მაწვება ლექსის ნალექი.
ოჰ, რომ ჩამექცეს მტკვარში შემთხვევით,
ადიდდება და თბილისს წალეკავს.
ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე
ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით.
მითხარი, სხვები როგორ უძლებენ
ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება.
სხვისთვის გაცვია კაბა ჭრელ-ჭრელი.
სხვისი ოცნების მოაჯირიდან
ლექსში მაინც მე შემომეჭრები,
ლექსში სისხლიდან მოაჯირითებ.
დრო ამტვერდება ქარში არევით,
და მიმაყოლებს ცხოვრების სამკალს,
თუ სიკვდილია, მინდა ხარივით
შენი ქორწილის სუფრაზე დამკლან...
ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე
ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით.
არ ვიცი, სხვები როგორ უძლებენ
ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება...

წყარო: litklubi.ge