პეპი

პეპი, გავიზარდეთ, შენი მეზღვაური
მამა დაილექა სადღაც ოკეანის
ფსკერზე.
მაპატიე, პეპი,
მეც სხვა უნდა
გავხდე, დავკაცდი და უნდა მოგიარო.
პეპი, გავიზარდეთ, წამო წიგნებიდან
ჩუმად გავიპაროთ, დინჯი უფროსები
ბავშვებს არ ჭირდებათ, თანაც ვიგინები
ყველა სიტყვაში და ახლა უფასოდაც
აღარ მიხარია, ლოთი ჯამბაზების
ნახვა, მაინც ყველა ტაკიმასხარაა.
ძაღლს რომ აწვალებენ, ისე არ ვბრაზდები,
პეპი, აღარ მახსოვს რითი განსხვავდება
წვიმა წვიმისგან
და
წასვლა
ფეხაკრეფით
შინ დაბრუნებისგან, ჭრელი კოლოფებით
ხელში, შეიცვალა ჯამი შესაკრებთა
გადანაცვლებით და ფიქრსაც მხოლობითში
ისე მივეჩვიე, ზუსტად აგიწონი
სურვილს. ჩიტებივით აღარ მოფრინავენ
ჩემთან ოცნებები. წინდა გაისწორე,
გოგო აღარა ხარ, ცელქი, ჭორფლიანი...
პეპი,
აღარ მახსოვს რითი განსხვავდება
წვიმა წვიმისგან და....