გულს ავაყოლებ საათის ბოლთას ..

ციკლიდან „ხუთი რიცხვი და სამი საათი“

გულს ავაყოლებ საათის ბოლთას,
ხმაგაბზარული ლექსების ტემბრით.
სამი საათი უკვე აბოლდა.
სამი საათი, ხუთი დეკემბრის.

მთელ ოთახს იტევს ძველი მაგიდა,
მთელ ოთახს – ყვავილს, ასანთს, სიგარეტს.
და ვიმეორებ: არა, არ გინდა.
და ვიმეორებ: მიდი მიქარე!

გულს ავაყოლებ საათის ბოლთას,
ყველგან შიშია, შიში, ეჭვები.
უკვე რამდენი დღე განმეორდა,
უკვე რამდენის ყბით იღეჭება

ეს საუკუნე ასე შეშლილი,
ეს საუკუნე – ღმერთის სიცილი.
ყველა შიმშილით ახლა მე მშია,
მე ვიყინები ყველა სიცივით.

გულს ავაყოლებ საათის ბოლთას,
წამს და წამს შორის მშვიდი კილოთი.
მესამე მივა სიჩუმე ორთან
და აკივლდება მუნკის ტილოდან.

ხმაგაბზარული ლექსების ტემბრით
მივეცი სისხლი უფერულ რიცხვებს.
სამი საათი, ხუთი დეკემბრის,
წამო! შეჩერდი და დამივიწყე...