მზის საქანელა

ვმგზავრობ ძველებურად 23
ნომრით, არაფერი შეიცვალა.
მისიონერული პოზასავით
ერთფეროვანი და მეოცნებე
ვარ და ვერ მოვეშვი ვარაუდის
ცარცით გაზაფხულის გადმოხატვას,
სხვისი ფანჯრებიდან. 
ან, რა უნდა
გითხრა,
სხეულიდან ამოვხტები,
ისე უცნაურად შორი ცაა,
ჩემგან. თვალებში რომ ვერ დაატევ.
შენ და ამინდებმა მოიცალოთ,
იქნებ, გამოხვიდეთ,
ხასიათი
სამი წერტილივით გამეწელა,
ოდდა, დავიღალე ასკინკილა
ბოლთით, როგორ უნდა დაგეწიო.
მზისბეღურა ჩიტებს ვაკენკინებ
წვიმას, დაგროვილი სათქმელივით,
ზურგით დავდგები და დავქანდები.
და ხის სათამაშო ორთქლმავალი,
და მზის ჩამომწყდარი საქანელა...