ტესტი

დილიდან ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს საწყალი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა:

A) ზიხარ მარტო,რძიან ყავას კოფეინს პარავ,
ცერად უყურებ ჩვენს (ჯერ კიდევ) აღუთქვამ კავშირს,
გიყვარვარ უფრო (ამ ეტაპზე) თუ უფრო არა,
ვერ გაერკვიე ჯერ-ჯერობით საკუთარ თავში.

B) აღარ გხიბლავს ჩემი თვალის ცისფერი ბეზე,
არ გახსოვს,ჩვენთვის თავის თავს რომ არ თმობდა შინდი,
ანუ გკიდივარ მთელი გულით ორივე ფეხზე,
ოხრად გაქვს დრო და დროებითი გართობა გინდა.

C) როცა წვები,ჩემზე ფიქრობ,გარეთ კი ამ დროს,
ზეცა სიბნელეს ყელთან იკრავს გაბზარულ მთვარით,
შენსავით მაშინ არვინ მეტრფის და არვინ მდარდობს...
(ქუჩიდან აღსდგა გარდაცვლილი (ლაზარე) ქარი).

ვფიქრობ და ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს პოეტი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა.