ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

ასპინძისათვის

დავით სარდალზედ

1
ასპინძის მიწა გიწამებს - ურგებ არს ჩემგან თქმულები!
რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა დარაზმულები;
მუნით წყალს - ლეკნი რჩეულნი, დაღისტნის ბიჭად თნულები,
და ოსმალთ რაზმნი ურიცხვად, მათთანვე შენართულები.

2
იქითი პირი მტკვარისა და ველნი მეწამულობდეს:
ოსმალთა დელმა-ბინიში წითელ-ყვითლითა მკულობდეს;
აბჯართა ოქრო და ვერცხლი ხვანთქრის ხაზინას სძულობდეს;
კვლავ ლეკთა ყაწიმ-შაშხანა მცირედრე ხვარაზმულობდეს.

3
რუსნიცა წითელ-მწვანითა და ლურჯით შეხამდებოდენ,
თითბრის ჩანთანი ბრწყინვიდენ, ვარსკვლავთა ეგვანებოდენ;
ზარბაზნის გრგვინვა და თოფის ცის კიდეთ ეუბნებოდენ:
თვით მეფე, ქართველ და კახნი ომის ხალისით ხლდებოდენ.

4
ვაი, მას დღისა მომხსენმან ვითარ ვინ რით განვაქიქო?!
ცილი დასდვეს მეფეს რუსთა: ჩვენთვის კეთილს არა იქო!
ღრაფი ჯარით გამობრუნდა - მით სახელი ვერა იქო -
სხვა პასუხი არვის მისცა: სითაც მოველ, წავალ იქო!

5
რა ნახეს ლეკთა და ოსმალთ რუსისა გამგზავრებანი,
წელმაგრად შეხვდათ ნიშანი, აუხდათ დანატრებანი!
დაფ-ზურნა-საყვირს უხშირეს, შეიქნა საოცრებანი:
ვის ჰქონდის მკლავთა იმედი, სრულად დაჰკარგნეს მცნებანი.

6
უიჭოდ ჰგონეს ლეკ-ოსმანთ თქვენიცა გაბრუნებანი,
დას-დასად დროშა გაიყვეს, მცირეს ხანს ჰქონდათ ბჭობანი...
ანაზდი ელდა დაეცათ ქართლ-კახელთ, ექნათ გმობანი:
ვინ ვის უსწრობდა, მორბოდეს... ვითა ვთქვა მათი მკობანი!

7
გამოვლეს წყალი ოსმალთა და აგრევ ლეკთა კიჟინით,
დელი ბაშ-აღა ლევანდი სულ ზედ დაესხნეს მიჟინით:
«დაბრუნდით, ნუღარ დასდგებით! - ხმა ისმა - რას
დაგვიჟინით?»
ერთის ხმა ასად ეგონისთ, შაშხანა მოსწვიმს ჟიჟინით.

8
მაშინ გულს დაჰკარ მჯიღითა, მიწანი შესძრენ რყევითა,
ცხენმა შეგატყო შექშენა, შემზადა ტანი ნძრევითა;
თვალნი ნაკვერცხლად შეგექმნეს, აშეთდი სისხლმორევითა,
ცხვირისა ნესტვთა მოჰქროდენ ქარნი ქვეყნისა ნგრევითა.

9
მედგრად გაქუსლე მიდამო, თეთრი გეაჯდა რბევასა,
სახლისა შვილნი იხელთენ, ვინ იყვნენ შენთან ჩვევასა,
ათნი-სამ, გინა თუ ოცნი გისმენდნენ ომსა რჩევასა...
შავგულო, სად ხარ, შენ გეტყვი, ვინ იყვი ჯილდო ძლევასა!

10
პირველ მიმართე წინმბრძოლთა დელებთა შუბოსანათა:
ხან გთქვიან კაცად, ხან მფრინვლად, ხან გმირად პილოს ტანათა.
დაჰფრიწენ მათნი წყობანი ანაზდად, მოკლე ხანათა,
კვლავ ლევანდთ გარდაელანგე, მისცემდი სისხლის ბანათა.

11
დელი ლევანდს ჰკრი, ლევანდი ბაშ-აღას მიაბრუნებდა,
ხმალს განერკვია მაშალა, ძღარბივით ქურქში ბრუნევდა;
მწყურვალე ხრმალი დაგეთროთ, ცათაცა შეაძრწუნევდა.
თეთრი ტაიჭი სისხლითა შეღებას არა ზრუნევდა.

12
კვლავ იქით ლეკთა ჩაუხდი, დამართნი ცისა გრეხანი,
წინა ჩაგისხდნენ დარჩევით ოსოქოლ და კატეხანი:
ერთად გამოსქდის ფინდიხი, ვითა რა მეხის ტეხანი,
გარდაუბრუნენ საფარნი, მიეცათ მართ გატეხანი.

13
მოღმართ უყივლეთ გაქცეულთ: იცნეს ხმა, შედგეს შენითა,
ყველაი შენთვის დაბრუნდა, თუ ვინ სად რბოდა ქშენითა;
გაქცეულთ თათართ ვეღარსით გაგასწრეს წყალსა ცხენითა;
ხიდის ისარსა მისჯარენ სუნ-თათარ-ლეკნი რბენითა.

14
ზოგმან შემართა შიშითა წყალს გასვლა უფონობითა,
ზოგნი ერთმანერთს ხოცდიან, სრულად მიხდილნი ცნობითა:
არ იცოდიან, რამც ჰქმნიან, ვერ იყვნენ ჭკუაბრძნობითა.
მიდამო ჰკაფდი უწყალოდ, მჭვრეტნი გაქებდენ მხნობითა.

15
არ მიეც გზანი სავალად, ოდენ ისარი საცოცად:
ერთი რა შედგის, უკანა წყალს გარდააგდის სახოცად.
ძვირად შეექნათ თავაზი, მუხლს გეხვეოდნენ საკოცად,
ერთისა უიმედოთა ქართველთ აშოვე ასოცად.

16
ხრმალი ჩააგენ მაძღარი, უბრძანეთ ალაფობანი:
გახდა ზრიალი, იპყრობდენ, ვით ცხოვართ სადმე ჩობანი;
მეურდუეთა მოჰყვანდეს მათნი გმირებთა მჯობანი,
მოულოცევდენ მეფესა, იეფდა კაცნის ძღნობანი.

17
ასრე გახშირდა ბინიში, ვით რიყე წითლად მსხდომია:
საათსა ჰყიდდენ ყურუშად, ფოში რა მოსანდომია?!
რახტები ოქროს ცურვილი ცხენს ედვათ მოსახდომია,
ტოლომა-ქურქი-კაუხი ვერ რიცხვით მისახდომია.

18
ცხენნი მოჰყვანდეს ძვირფასნი, მისრის ნასყიდი ფრურებით,
წლის მინაქონთა ვინ რიცხვდა, მომშთვართა თავმოძულებით!
თოფნი და ხმალნი რჩეულნი ყაწიმ-ძეწკვებით კრულებით,
მაშინ დაგთქმიდნენ შაირსა სიბრძნით შემწყობნი მკულებით!

19
აწ მაშინდლისა ჟამისა რამცა ვითა ვთქვა ფერია:
მახსოვს შესრული ქალაქად, მით ცრემლი თვალთა მერია!
მიჯრით გამოკრფეს მნახავნი, სწყუროდათ შენი მზერია.
იგინიცა დაგნატრიდენ, თუ ვინმცა გყვანდა მტერია.

20
ცოტაი ესე ნიშანი და საქმე მით მიყბედია,
რომემცა მიცნა, ვის ვინა შორად გყავ მოამბედია,
ოდიდგან მახსოვს მე თქვენი: იყვენით ყრმად სახედია,
მუნითგან მოღმართ აქამდის შეგტრფოდის ყოვლთა ბედია.

21
სახლი გულებთა სავაჭრო გედგნეს გმირსავე ტანია,
ნარდიონს ვარჯნი ღვლარჭნილნი, ღულამბრებ ანატანია,
მუნ შუბლის შარავანდობა მზის დისკოთ ნაჭვრეტანია.
ირისე ცასა ჰფერობდა, ცით კრთოდის ამარტანია.

22
ორთავე ტოლთა ნარგიზთა შორის ვარსკვლავნი თემობით,
ტოპაზის ღილთა მწყურნებთა ყორანნი სცვიდეს ჩემობით,
შაბარდუხს შური ეპოვნა, მონებდა გუგის მრწემობით,
მით თვალთა ჩემთა ღარიბთა ცრემლნი დაფარვენ მდენობით.

23
მზის სვეტის პინჩთა ნიავნი ტკბილ ბერვით პალასინობდის,
მუნ გარე ბროწეულისა წყნარ ზღვებთა ზედან გჩინობდის,
ბარაინს მანგნი მოეცვნეს, ბალახშის ღელვით ლხინობდის.
მას გარე აშკი გიშრისა სისუფთეს გულმოდგინობდის.

24
სადაფთა გარე მსხდომელთა აებნეს თეთრნი ალამნი,
ყაფრად შედგმულსა მარმარსა ზე ედგნეს წყლულთა მალამნი!
ალვასა რტონი შეჰფრობდენ, როსტომის განასალამნი,
სამსონის ძალო ხელთაო, ხელსავე ცრემლი მალამნი.

25
ლომსა გულითა მკერდიცა ცის ლომის დაგეცაოდა,
ზურგსა მაღნიტნი აღკროდა, ფოლადთა გაეხმაოდა,
მკერდთა სიმტკიცე ანდამატს თვისებრვე დაეზაოდა,
ბეჭთა და წელთა ნაკვეთი ინდთ კალამთ შენაზაოდა.

26
მათ ქვეშე წვივთა ნაკვეთნი და მუხლთა ახილეობა,
სიმტკიცე ფერხთა ირმისებრ, ბროლ-თლილად თითთა
წვრთილობა,
ფრჩხილთა არწივნი ნატრიდეს, აჯითა ჰქონდის ყრილობა,
სულ დიდსა სული გფარვიდა, შვენოდის შენთან ზრდილობა.

27
ზრდილობად კმარდის შეხედვა უსაქმოდ ოდენ სახისა,
სახისა დაუსახისა, ვერვისგან დანაზრახისა,
დანაზრახისა თუ სადმე, ბრძენთა საქებად ახისა,
ახისა მუფარახისა, ვაი, აწ განალახისა!

28
ამას სურინ, ამად სწყურინ, აგერ სულსა განაკიდეს,
აგონდები, აღონდები, ერთსა ორად განაკიდეს,
ვაი ვით არ, გხედავ სით არ, განატყორცი, განაკიდეს,
ესრეთ თურე აქვსყე ყურე სოფლის კვალთა განაკიდეს.