ვართ კარგის მგონე


ვართ კარგის მგონე, შენაღონე, მომხსენი ახის:
ტან-კვიპარ-ზრდილმან, დალალ-თხზნილმან, რაღა ვთქვათ სახის?, -
მიგვზიდნა ხანი, წამნი, ჟამნი, მის გულთა მნახის,
დაგვკრიბნა ზარნი, საკუთარნი, სიცოცხლე ჭმახის!

მოგიწერ, დაო სუფთაო,
ამბავსა ჩემის გულისას:
ნუ მომიძულებ, ტურფაო,
თანასწორს შენსა სულისას!
მომიგონებდე, გახსოვდე
მე, შენთვის დაცაბმული სას!
შენ მაგონდები ნიადაგ,
რა მიმეძინის, რულისას.

დღივ და ღამ შენ მეგონები,
სევდად მიმაგდო, ლულმანო.
შენც იცი გულით მიყვარხარ,
იმ ქრისტეს სიყვარულმანო!
შენს უკეთესი არვინ მყავს, -
იცის ყოველმან სულმანო!
ცხადით ნახვასა არ ღირს ვარ, -
სიზმარ გიხილოს სულმანო!

რა ხანია არ მინახავს,
ეგ ლამაზი შავი თვალნი,
უსასყიდლო მარგალიტნი,
გამჭვირვალე მეტათ, ლალნი!
მე შენისა შორს ყოფნისთვის
გარს მედების ცეცხლის ალნი!
სამართლის მსგავს, დამწვარ გულსა
გარდამასხი ვარდის წყალნი!

ვაი, რავქნა უშენომან?
ან ლხინი რად მიამების!
თვალთა ბრუ მესხმის და ვბნდები,
სიცოცხლე გამიარმდების!\'
ყოვლი ქვეყანა ხელთ მქონდეს,
უშენოდ არ მიამების!
ვიცოდე - შეგეყრებოდე, --
გონება დამიამდების!

რა ბრალია წასახთენად
თმანი გრძელნი, შავნი ხშირად,
ამბარ-ზილფი დაფანჩული,
მიგრეხილი - მოგრეხილად!
იგ უებრო დახატული,
ცხვირის სოთი, ბროლი სტვირად,
ფერად პირი ზამბახისა,
შავნი ხალნი ზედა კვრილად!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი