ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

აღვახვამ ქებად ბაგესა

ა. აღვახვამ ქებად ბაგესა,
თუმც შევიძელ მკობილება.
ბ. ბანოვანთა უტურფესო,
გიქო მაღალ-შობილება!
გ. გულს განაცვლი გულისათვის;
მწადს მონებრი მორჩილება!
დ. დავჯედ წერად, შენთვის ქებად.
იძღვენ ესე თხრობილება!
ე. ეთერთაცა უნათლესო,
მზეს მოსტაცე ციაგობა,
ვ. ვარსკვლავს შუქი დაუბნელე, -
მე ვით ძალმიცს შენი მკობა?!
ზ. ზუალ-მუშთარს ეცილები, -
შენი მსგავსი სხვა ვინ შობა?!
ჱ. ჱტრფობიან შენს შვენებას, -
მე ვით გკადრო ჩემი დობა?!
თ. თვალს ვერ შებმართვენ საქებრად,
ვერცა დახატვად მხატვარნი!
ი. ილიოს-მზეებრ ბრწყინვალევ,
ხინჯს ვერ გინახვენ მზაკვარნი!
კ. კბილთაგან შუქი გამოგკრთის, -
შენ ვინ გამსგავსო სხვაგვარნი?!
ლ. ლამაზად მიმოერხევი,
გნატრიან ვარსკვლავთ მთავარნი!
მ. მარად გიგონებ სატურფალს,
გულშიდ არ მომიცილები,
ნ. ნარნარო, ნაზო, ლამაზო,
ვინ მზესა დაეცილები!
ო. ოდეს გულითგან განმაგდე, -
დამადნე ვითა ცვილები!
პ. პირის-პირ ხილვას ვინატრი, -
მესმას შენი სიცილები!
ჟ. ჟამი ისი ნეტარ იყოს,
ოდეს მიწოდე მეგობრად!
რ. რად შესცვალნე ეგე გულნი,
ანუ რად მიცვ შენგან ობლად?!
ს. სული შენ გაქვს მას დღეს აქეთ,
ოდეს ვიყავთ ორნივ მწყობრად!
ტ. ტრფიალი ვარ მუდამ შენი,
გულისაგან შორის მყოფრად!
უ. უსულვაზურად გეხვევი
უმანკოს აღნაგობასა;
ფ. ფიქრით გულისათ შენთან ვარ,
ვსმენულობ შენს უბნობასა!
ქ. ქება ამისთვის წარმოვსთქვი, -
ღირს ვიქმენ მეგობრობასა!
ღ. ღიმილით სიტყვა მასმინე,
ნუ მიწყენ ამის თხრობასა!
ყ. ყვავილებრ სურნელ-მყოფელო,
შორით მალხენო გულისა,
შ. შენს ქებას ვით აღვასრულებ
ქვეყნად მზედ დასახულისა?!
ჩ. ჩემებრ უმეცართ მონისა
ნახვით წამღეგო სულისა,
ც. ცნობა მიიღე, წერილის
ღირსი მქმენ, პავლეს თქმულისა!
ძ. ძოწნი ბაგენი,
ჩემნი მდაგენი,
ჩემდა საუბრად აღსძარ ენანი!
წ. წელნი წერწეტნი!..
ეს თვალნი რეტნი
რომ ვერა გხედვენ, ბნელ მაქ ყვე[ლანი]!
ჭ. ჭეშმარიტებით,
არ მაქ ისებით,
გეტყვი სიტყვასა, - მომეც ლხენანი!
ხ. ხელთა დაგბაგებ,
თუ არ განმაგდებ, -
მე შენი მალხენს ამბვის სმენანი!
ჴ. ჴმა მასმინე საწადელი,
სიყმარული განაახლე!
ჯ. ჯიღოვანობ ტრფიალთათვის, -
გონებითა მიმიახლე.
ჰ. ჰანა მექმენ უსაკუთრეს,
მე მონად მქმენ, ვით მოახლე!
ჵ. ჵი, რა ვყო უბადრუკმან, -
ერთხელ ხილვად ვერ გიახლე.