ანდერძს არ ემსგავსოს


შენ უკვე ისეთ ზღურბლზე გადახვედი
და უკვე ისეთ დროში შეაბიჯე,
როცა გიჩნდება ახალი ხიფათი:
ყოველი შენი სიტყვა - ანდერძს არ ემსგავსოს.
სიბრძნესაც, მოჩვენებულს, რომელსაც შენ ადრე
მშიერი ნადირივით უმალ აცხრებოდი,
ახლა ერიდები - ანდერძს არ ემსგავსოს. ...რომ ვითომ შენ გინდოდა,
ვითომ შენ მიგაჩნდა, ვითომ შენ გიყვარდა,
გძულდა, ანდა წინასწარმეტყველებდი...
და ამ უკანასკნელზე ისე გეცინება,
ისე გულიანად გინდა იხითხითო...
მაგრამ ტუჩებს კუმავ - ანდერძს არ ემსგავსოს.
ჭიქასაც, წყალსაც, ხვევნას, ღიმილს...
ანდერძს არ ემსგავსოს.
და წვები გაბუტული და განაწყენებული
და რაკი აღარ იმუქრები - „ხვალიდან!"
რაკი „ხვალე" და „გუშინ" უკვე აღარ არსებობს,
ებუტები საკუთარ სიტყვასაც და სხეულსაც.
სხეულს იმიტომ, რომ მოუქნელი ხდება თანდათან
და რასაც ვერ ემუქრება, იმას ეგუება,
ხოლო სიტყვას იმიტომ,
რომ სარკეებს გასცდა თანდათან
და ახლა უნდა, რომ ანდერძს ემსგავსოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი