ბესიკ ხარანაული - ფოტო

ბესიკ ხარანაული

მწერალი, პოეტი

ოცი წლის შემდეგ

მე სულ სხვა ქვეყნებს
მოგაყენებ კარს,
უგუნურო!
სხვა ტყეებიდან 
გამოგხედავ და გამოგძახებ,
და გაგაბრაზებ,
სხვა მგლებთან და
სხვა ირმებთან გადახვეული.

მხედავ,
რა მინდვრებს ვეხვევი ყელზე
და რა მდინარე მყავს გაწვრთნილი
გველივით, მხედავ!
მე ყველაფერი ის ვარ ერთად,
რაც კი ოდესმე 
გაგკვირვებია
შენს საცოდავ არსებობაში.

ჩემი ძარღვები
სავსე არის შენი ეკლებით.

ნუთუ ამ ხალხის მეშინოდა
ოცი წლის წინათ,
როგორ ჩამქრალა 
ჭინჭრიანი გორები,
ღმერთო!
მათი ალმურიც,
მწვანე,
ბასრი,
ხანჯლის პირივით,
აღარსად არის
და ფეხებში მელაქუცება
სულ სხვა ბალახი,
ქეციანი სოფლის ძაღლივით.
ნუთუ ამ ხალხის
მეშინოდა ოცი წლის წინათ,
ნუთუ ამ ხალხის ბაგეთაგან ნათქვამი წყევლა
მერეკებოდა ყრუ მინდვრებში,
სადაც უმწეო
და ბავშვური მონოლოგებით
ვიოხებდი გულს.

ვერ შემაშინებს
სახეების უსიერობა,
ჩამოვუქროლებ 
ამ შუბლებს და ამ თავებს კეტით,
ჩამოვუქროლებ,
როგორც შუშის ცარიელ კოლბებს,
ჩამოვუქროლებ,
და ჩავაქრობ ამ ბჟუტავ ქოხებს
და არ გავუშვებ
კბილს მე ჩემი წუხილის კალთას.