1 6022

სირცხვილის შემდეგ


I

რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?

შენი კალთა ფოთლებით ივსება,
ხოლო მე კი თავს გუბეში ვრგავ.
ქუჩაში გდია მკვდარი,
ქარი ახურავს საბანს...

როცა მე გავჩნდი,
მთვარემ თმები ჩამოიშალა,
ხოლო ქალწულმა ვარსკვავებმა ტუჩზე იკბინეს,
ბებიაქალი ამტკიცებდა -- დაიბადაო!
შენ არ იყავი იქ, მარიან,
შენ არ დაგბრალდეს,
მე ქუჩაში მანქანა გამსრესს.

ესაა ქალაქი,
სადაც ადამიანს სასო წარეკვეთება საყელოს შეკვრისას,
რადგანაც უნდა გამოვიდეს დილის ქუჩაში,
გამოეთხოვოს სიმარტოვეს,
ღამით ნათბილარს,
და ყელწაგდებით შეჰღაღადოს:
-- გამარჯობა, დღევ,
მე კვლავ ხელცარიელი ვდგავარ შენს წინაშე,
ნუ მიმცემ კაცთა დასაჭმელად,
ნუ დამტანჯავ მოუპოვრობით!

სერზე დამრჩალი მგელიც განა ასე ყმუილით
არ იფარავს ხოლმე მთვარეს დღის სინათლისგან?
ეხვეწება -- ნუ წახვალო,
ვით თავის მკერდზე გამთბარ სატრფოს.

მაგრამ წავიდა...
დღე წავიდა,
ღამე წავიდა,
სატრფო წავიდა
და ცხოვრებამაც
წარმავალ გრძნობების ხეივნებით
ჩაიარა, წავიდა.

და შენ დაგავიწყდი მე, მარიამ,
თითქოს რაიმე სიჩქარეში დაგრჩი სადმე და ვერ იხსენებ,
თითქოს სხვაგან გემყუდროვა
და აღარ გსურს ჩემი ხსენებით პირი იმწარო,
თითქოს ასეთი დიდი იყოს
ჩვენი ქალაქი.


II

ყველაფერს ახსოვს ჩემი მისამართი --
ამ მიწის სურვილს,
შიშის ელდას,
მოვალეობას,
და მხოლოდ ერთმა -- სიყვარულმა
ვერ გაიგნო გზა ჩემს სახლამდის.
მეც არა ვცდილობ
გავეგებო და წინ დავუხვდე,
რადგანაც უკვე მივეჩვიე,
რომ ყველაფერი, რასაც უნდა ჩემი სისხლი, თვითონ მპოულობს.
ფანჯრები ღია მაქვს, კარებები ჩამოგლეჯილი
და ორპირ ქარში ვშრები, როგორც
თიხის ქანდაკი.


III

ვაშლი რომ ყუნწს მოშორდება, 
რას გაიფიქრებს?

როცა ქარი ქრის, 
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის
და შემიძლია გავარკვიო ჩემი პალტოს საყელოთიც,
ხის კენწეროთიც.
როცა ქარი ქრის, 
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მას შეუძლია
მე ქაღალდის ნახევთან ერთად
შემაგდოს უცხო სადარბაზოში,
რათა ვიხილო ქალი -- ზევით,
სადაც კიბე უჩინარდება.

როცა ქარი ქრის, 
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მაგრამ საიდან მოგელოდო შენ,
ჩემო ტკბილო, უნახავო, უფერებელო
და ტყუპისცალო!
-- ფუი, შენ! 
ვასწრებ ვუთხრა ჩემს თავს ყველა სარკეში
და ვშორდები ამ წუთისოფელს.


IV

ნეტვი როდის დამინახე,
როდის მოცდა შენი მზერა,
შენი თვალები?
საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი,
მწვანე მოლის სარკეში მნახე?
გზაჯვარედინზე
სიგარეტს რომ ვუკიდებდი
მანქანების გამოჯავრებით,
მაშინა მნახე?
მოწამლულმა და სიცხიანმა
უცხო მხარეში
თვალები რომ დავხუჭე და სიკვდილს დავნებდი,
შენ მითხარი, ”გაახილაო”?
მთვრალს რომ გამარტყეს და გაიქცნენ, შენ ამაყენე?
სირცხვილის შემდეგ რომ დავწვები მე ჩემს ლოგინში
და ეკალასხმულ ბალიშზე რომ თავს ვერ ვაჩერებ,
გარიჟრაჟზე შენ მეუბნები -- 
”დაიძინე, ჩემო შვილო, დაიღალეო”?
შენ აგროვებ შენს კალთაში ჩემს საწყალ ცრემლებს,
რომელთაც მე გზადაგზა ვაბნევ,
აგროვებ, რათა გეში არვინ აიღოს ჩემზე?
მზეს შენ მაყვარებ?
შენი არის დღე, ღამისგან დანაბარები?

ჩემს სიზმრებში
ხანდახან ქალი თუ შემოყოფს 
თავის გრძნეულ ფეხს,
მას შენ აქეზებ?

რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?
კომენტარები (0)