ღრუბლები და მთვარე


ერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს,
დააბნელონ ბადრი მთვარე
(სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე
სინაზე და სინარნარე!);

შეიკრიბნენ ყველა ერთად,
შეიკუმშნენ, მთლად გაშავდნენ
და, მიმავალს თავისს გზაზე,
ღამის მნათობს მედგრად დახვდნენ;

მაგრამ მთვარემ არც შეჰხედა,
სწრაფ გასცურა ის ადგილი
და დასტოვა ღრუბელთ გროვა,
პირში ჩალა გამოვლილი;

გასცურა და ქვეყანასა
მან ნათელი კვლავ მოჰფინა,
ღამის მეხრის და მგზავრის გულს
სიხარული აგრძნობინა;

ავ ღრუბლებს-კი საიდანღაც
მძლავრმა ქარმა დაუბერა,
ცხრა მთას იქით გადაჰფანტა,
ერთ წამსაც არ გააჩერა!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი