ოთხი საყვედური


1
შენ ბრმა ხარ, _ აბა სხვა რა დავარქვა
სიბეცეს, რაიც ყრმობიდან მოგდევს.
გუშინ ქორწილი ჰქონდა თამარქალს,
შენ კი სჭვრეტ მასში ცოდვილს და მოკვდავს.
შენ ბრმა ხარ დილაგაუთენარი,
რახან ვერა სჭვრეტ მზის მოზღვავებას.
თამარი არის რძალი ზენარი,
თავად მნათობი და უკვდავება.
2
შენ ყრუ ხარ, _ ნისლთა ლოცვა არ გესმის,
როს მზისგან დამწვარ ლიხზე წვებიან
და გათანგულნი გვალვათა გესლით
ცას ცვარად ქცევას ეხვეწებიან.
შენ ყრუ ხარ, როგორც გამხმარი ძარღვი
ვით ოხვრა მოთქმით დაღლილ დედისა,
რახან ვერ წვდები ქველობის ძახილს,
რახან არ გესმის ხმა სიკეთისა.
3
შენ მუნჯიცა ხარ, როდესაც ძალგიძს
უჩუმრად შეხვდე რიჟრაჟის მაყრულს,
როს განთიადის გუგუნებს ჰანგი,
როს სხივი სახრავს სიბნელის საპყრულს.
მუნჯი ხარ, _ როცა არ ძალგიძს ხოტბით
ხვდებოდე ხეთა გამოცოცხლებას,
როცა მზეს, _ ყოფნის უდიდეს ლოტბარს, _
სჭვრეტ და არ გიპყრობს ამო ოცნება.
4
შენ უგულო ხარ, _ რახან ვერა გრძნობ
მაისის თვეში მართვეთა ფართხალს,
რახან არ ხვდება შენს გულს ვერაგთა
ავი საქმე და არ ათნევ მართალს…
შენ უგულო ხარ, ძილს თუ არ გიფრთხობს
ძახთაპირების საბრძოლო ყეფა,
თუ ქვეყნის ყრმათა არ გაფრთხობს საფრთხე,
თუ გულუბრყვილოდ უყვავებ ყოფას.
შენ ფრთამომწვარი გქვია იკარი,
თუ ზიხარ მსგავსი გრძნობით და განსჯით.
შენ უგულო ხარ, _ მაშ ხეიბარი,
შენ ბრმა და ყრუ ხარ, მუნჯი და გონჯი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი