შინ შმაგი მოველ ..

შინ შმაგი მოველ, ეგება
დევთ დამიტორეს სხეული,
ნაგაზი ფეხქვეშ მეგება,
ჩემს მოფერებას ჩვეული
ჩავწიხლე ძაღლი და ბრაზით
ვბორგავ ვით შლეგი სასმელში,
თვალებით მკითხავს ნაგაზი:
“ჩემო პატრონო რას მერჩი?!”
ერდოზე დავჯექ,მჭირს წყლული,
გულზე დამშანთავს თაკარა,
ჩემთან შემოდის ძმისწული,
მეტიტინება პატარა
დავკივლე, მომწყდი თავიდან!
მოგსრავ, არ უნდა ფიცია!
ბალღი ტირილით წავიდა,
“რას მემართლები ბიძია?!”
შინ შეველ, შოთა რუსთველი,
დანტე და დიდი გოეთე,
მაწვევენ, გადაგვფურცლევი,
სიშმაგეს ეხსენ პოეტო!
ჰა, ხელნაწერიც აქვე ძევს,
თურმე ვთარგმნიდი ესენინს,
-დაგვამთავრე და დაგვხვეწე,
მეხვეწებიან ლექსები.
დაბლა ვანარცხებ ქაღალდებს,
თან ვფიქრობ შმაგი ფიქრითა,
ახ, შემაწვდინა მაღლა მზეს,
რომ ჩამომეგდო იქიდან.
ჩემთან შემოდის მშობელი,
_რა ეშმაკებმა აგრიეს,
რომ არ ხარ ჭკვათა მყოფელი,
რა გემართება გაბრიელ?!
-მზექალო, დედას რა ვუთხრა,
წყლულს რითი მოვიშუშებო?
იქნება ჯობდეს გავუტყდე,
რომ მე ვიწვები უშენოდ.
რომ ვერც დღეს გნახავ ვეღარც ხვალ,
რომ გულს მიბურავს ნაღველი,
რომ შენ აულში აღარ ხარ,
რომ შენ ქალაქში წახვედი.
რომ სამსალიან ზედაშეს
მასმევს იქედნე ბედიო
და ვეუბნები დედაჩემს,
დარდით ვილევი დედიო….
მე რომ სახატე ავიგე,
საც ლოცვა დამირხევია,
წუხელღამ ვიღაც ავის მქმნელს,
უღმერთოდ დაურბევია.