ძაღლის სიმღერა


გათენდი და მორჩი, ბარემ,
სადღაც გორზე მგელი ღმუის…
მოდის მთვარე –
მომთაბარე
ღრუბლის ნიღბით შენიღბული…
სუსტად ოხრავს შავი ღამე,
ბუ ქვითინებს ჟამით–ჟამად…
მშია…
ყვეფით დავიღალე…
ნეტავ მთვარე შემეჭამა!..
კრთია ნამის კრისტალები,
ჩრდილნი მზერას მიმძიმებენ;
ვარსკვლავები – მგლის თვალები
მიბნედილად ციმციმებენ…
მარშიყეთი იცლის ბურანს,
თან სისხლიან თათს ილოკავს;
სერზე გარბის ნისლის ქულა,
როგორც ჩემი თეთრი ლეკვი…
გათენდი და მორჩი, ბარემ,
სადღაც გორზე მგელი ღმუის;
მიდის მთვარე
მომთაბარე
ღრუბლის ნიღბით შენიღბული…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი