დაქვრივებული ქისტის ქალის ნანა


მამაშენი მტრებმა მოკლეს გუშინ,
დაიხსომე,
დაინერგე გულში:
გაიზრდები და მაგიერს უზღავ!
რომ იცოდე: რა ვარამსა ვკვნეტავ…
ერთი კვირით კაცად ვიქცე ნეტავ!..
ავახ,
ალახ,
რისხვის ცეცხლი მნუსხავს…
რად გედება, შვილო, ოფლის ნამი,
იქნებ ჯვარი შენც გაწუხებს მამის,
ან შეგაკრთო მკვდარი მშობლის ხმამა…
შუაღამის სუნთქვა მოაქვს ნიავს,
ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვიას –
ეს ის არის, რომ განგმირა მამა…
ემაგ ტყვიით უნდა მოჰკლა მკვლელი!
გაიზარდე,
გამოიღე ხელი:
იაბრეკე, –
მთებია…
და ტყეა…
ხოლო, შვილო, თუ გამოხვედ ტრელი,
თუ ახარე მოსისხლე და მტერი,
მაშინ შენვე მოგხვდეს ეგე ტყვია…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი