საუბარი მარიამობისთვის ყვავილებთან


რა კარგები ხართ! –
უთვალავ ფერთა
აფრქვევთ და გულზე ნათელს მიალებთ;
გზად მიმავალი ჩამოვჯექ თქვენთან
ვინმე პოეტი მოხეტიალე.
ვინ ვარ?
სად მივალ? –
რა ვიცი, აბა,
მხოლოდ ეს კია: –
გიმზერთ და ცხადად
ვხედავ: – ეპარვის თქვენს მზისფერ კაბას
სენი ჭკნობისა, – სიბერის ზადად…
თქვენც, ჩემებრ, ჭკნობის გეპარვით სენი
და მაინც, კარგნო, საოცრად შვენით.
ო, ეს სიწყნარე შემოდგომური,
უზადო, ნაზი მოწყენილობა…
ასის ხეობა, – ნისლთა გომური, –
მთებში შეჭრილა, როგორც ჭრილობა.
ასა გიმღერით მის ნაპირთ გაშლილ
სათუთ ყვავილებს მთების მუნასიბს.
ღრუბლებში ღუის მნათობი – ვაშლი,
ხევსში მიძვრება ნისლი – უნასი…
ო, ყვავილებო, ნუ შეშინდებით,
მზე არ დაიწვის,
ვერც გიმტრობთ ნისლი;
ცაზე დამწიფდა წითლად შინდები,
იქ არც ცეცხლია და არცთუ სახლი!..
მზისკაბიანნო, მაუწყეთ მგოსანს:
თქვენ თუ გსმენიათ სახელი „მზექალ“,
ვინც ჯერ აღმაზო და მერე მომსრა,
თავზე რომ მეხი გადამაჭექა….
ო, ყვავილებო, მაუწყეთ მწირსა:
თქვენც იქნებ იტანთ მიჯნურის სახმილს;
მე ცხადად მჯერა:
ტრფიალი გჭირთ და
მავანნი ალბათ ამიტომ ჩახმით!..
თქვენს კაცურ გრძნობებს ვაჟამ უმღერა
და მის ნათქვამში ეჭვის შერევა
არ ძალუძს ძეკაცს, –
ჩარგლის ბუმბერაზს
თავად სიზმარიც დაეჯერება.
და მე მით უფრო, – მის მორჩილ შეგირდს,
მგოსნის ნამღერი ხატად მიცნია…
…ვდარდობ, ყვავილნო, სატრფოსთვის შლეგი,
რომ არ ვიდარდო, არ შემიძლია.
დამზრალი მზისთვის ხომ მიწყივ დარდობს
და მეც სახმილმა ვით არ დამხაროს,
რა მიხაროდეს მზექალის დამთმობს?
აბა, დაჰკარგოს კაცმა სამყარო,
ვით არ ინაღვლოს, ის კაცი თუა,
თუკი დაჰკარგა კაცმა ყოველი?
ჩემთვის მზექალი მზის სათავეა,
მითაც მჭირს ჭირი განუზომელი…
ახ, ეს სიწყნარე შემოდგომური,
საოცრად ნაზი მოწყენილობა.
ასის ხეობა, – ნისლთა გომური, –
მთებში შეჭრილა, როგორც ჭრილობა.
ო, რარიგ მშვიდი ფშვინავენ მთები…
…გიმზერთ, მამძიმებს ურვის გაროზი
და განვლილ დღეთა სურნელით ვთვრები.
მგოსანს მარადჟამს მდაგავდნენ მთანი:
ცისკარი,
მარეხ,
მერე მზექალი…
მიკვირს, ვით ვძლიე სინათლე მათი
და კვალად საღი შემრჩა მე თვალი.
რის დაბრმავება:
სისკარ და მარეხ
მე თვით ჩავაქრენ, ჩაუქრობელმა
და კვლავ აღვანთენ,
ვით მზემან მთვარე
(სიტყვის სინათლით!), – ლექსთა მპყრობელმა.
მე ისეთი ვარ, რომ შეიძლება
თავად მზექალიც ჩავაქრო ჩქარა
და მერე კვდომის მრუმე ნისლებსა
ვეკვეთოთ შმაგი, ლექსების ჩქერით.
თვით არც დავბრმავდე
და არცა ჩავქრე, –
ცეცხლად ნთებული და სხივოსანი
და ლექსის შუქით ჟამსა და ნამქერს
ვძლიო,
დე, მერქვას თალხი მგოსანი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი