გადმოწერა: PDF

ახალი წელი ..

ციკლიდან „პაციფიზმი“

ახალი წელი. ვთქვათ ლონდონი
ან ვთქვათ ბერლინი.
ალბად დღიურში ამგვარ ტონით
სწერს ჩემბერლენი:
დღეს ათასცხრაას ოცდაათის
პირველი შუქი
მოაწყდა სარკმელს და კედლებზე
დაღვარა ლუქი.
ახალი წელი. - გავიფიქრე -
ახალი წელი.
თითქო კედელთან დამენახოს
სიკვდილის ცელი,
ხელში ავიღე გაზეთი და...
ისევ დავდევი...
რომ ის რიგზეა - რომელია
ამის თავდები?
გაოცებას ვარ - ვით ითმენენ
დაცინვას ასეთს!
დიდი ხანია, რაც მე ხელში
არ ვიღებ გაზეთს.
რაღაც მწარე და საოცარნი
ხმანი ისმიან...
არა... ჩვენი ხსნა ერთადერთი,
პაციფიზმია!