გადმოწერა: PDF

გართმევთ პოეტობას? ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

გართმევთ პოეტობას?
გირჩევთ: მენანებით -
მიეთ-მოეთობას
თავი დაანებეთ!
პოეტი არის მებრძოლი,
ახალი ქვეყნის მჭედელი,
წინა სდგას ცხარე ბრძოლებში,
როგორც ქვითკირის კედელი!
რატომ შენ არა გჯერა
რომ მრავალია ჯერა
მტერი გარედ და შინ?
წინ, პოეზია წინ!
ვჭედოთ რკინად, ვჭედოთ რკინად
გული ჩვენი ზიარული,
აღარ ვარგა როგორც წინად,
ძველი გულით სიარული!
გული თუმც არც ყინულია,
არც დამწვარი მდუღარებით -
იგი შემორკინულია
დღეთა ჩვენთა მქუხარებით!
რომ არ იცოდეს ეს,
გამაგებინეთ: დღეს
სად, რომელია, ვინ?
წინ, ისტორია, წინ!
მსოფლიოვ! დრო კია გააღო კარები
იმპერიალისტური, ოქროთი მოვერცხლილი გალიის,
ჩაგრული ერები და პროლეტარები
აზიის, აფრიკის, ამერიკის და ავსტრალიის
ებრძვის მჩაგვრელთა ჟინს:
წინ, ამხანაგო, წინ!
სად კლასთა ბრძოლის უმძაფრებს ხალისს
სისხლი, ბორკილი და საპყრობილე,
შეურყევლად სდგას შენი პროფილი,
სახევ ბრწყინვალე ინტერნაციონალის.
დროშა ბევრი მინახავს,
დროთა ძველთა მსახველი,
პირველ მაისისთანა
დროშის არ ვარ მნახველი!
მრავალ მილიონების
რწმენა არის მხოლოდ ის.
შრომის ლოზუნგებია,
და სულ ყველა ფოლადის.
მთელი დედამიწა ოქრო-ფერადივით
უნდა დაიტვირთოს კოოპერატივით,
არა ღობეებით, არა ნალექ ტივით.
თუჯით, მოსავალით, გზებით, კოლექტივით!
ბრძოლად გარედ და შინ...
წინ, ამხანაგო, წინ!
პოეტი არის მებრძოლი,
ახალი ქვეყნის მჭედელი!
წინა სდგას ცხარე ბრძოლებში
როგორც ქვიტკირის კედელი!