ეს გრძნობა სიბოროტედ ..

ეს გრძნობა სიბოროტედ,
გთხოვ, ნუ ჩამომერთმევა,
(ირგვლივ გაზაფხულია,
ბაღს ვარდები ერთმევა).
პოვნა ახალ წყაროთა,
ნაბიჯის წინ გადადგმა,
არ იქნება, მგონია,
იმ ნათქვამის გადათქმა.
ვინც ავთქმას შეექცევა
და ბოროტის მთქმელია,
მათთვის ზურგის შექცევა
აუცილებელია.
ეს თქმა სულ უბრალოა,
უნაღარო, უბუკო,
მინდა, რომ ცოტაოდნად
დარდი შეგიმსუბუქო.
კარგი, ვიმასლაათოთ,
სიტყვა ვთქვათ მოკვეთილი,
გზა რომელი სჯობია,
ბოროტი თუ კეთილი?
ჰუმანიზმის თქვენისა,
მორალით შებურვილი,
მთლად დაღუპვა სჯობია
თუ დაღუპვის სურვილი?