ვიდექი ხიდთან ..

ვიდექი ხიდთან... ხავსიან კლდეს გადაყრდნობილი
მოუსვენარს და მშფოთარ ჭოროხს გადავსცქეროდი.
სავსე ვიყავი აღმაფრენის უხმო ჰანგებით,
საგაზაფხულო სული ვიყავ და მე ვმღეროდი -
იგვიანებდა რაღაც ჩასვლას მზე სხივ-ელვარე
და სიხარული მიმოქროლვით გარს მეხვეოდა,
გარეულ ატამს ყვავილების გუნდა ცვივოდა
და ნაზ პეპლების თაიგულად თავს მეფრქვეოდა.
დღესა ბედნიერს სიხალისით ვესალმებოდი,
ვესალმებოდი და მაისის ჰანგებს ვმღეროდი.
კორდზე ვიდექი... ხავსიან კლდეს გადაყრდნობილი
მოუსვენარ და მშფოთარ ჭოროხს გადავსცქეროდი.