ვინ იფიქრებდა ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ვინ იფიქრებდა,
რომ ამოდენა
გრანდიოზული
საქმე გველოდა,
ასეა ტემპი, ასეა დენა
რევოლიუციონურ
საქართველოთა.
ღამე უცდის
თენებას,
როგორც ნანატრ
შვენებას.
ძმებო! იცით რა...
დრო რად გავწირო?
რამდენი გითხრათ...
როგორ ავწერო?
სითბოს მოშორდა
იმისი შუბლი
და გრიგალისკენ
მიჰქრის - პირიქით.
ვით პოლიუსზე,
ნისლი და ღრუბლი
იღვრება მღვრიე
ქარის ლირიკით.
გაჰყვები მას და
დაგავიწყდება
ყინულოვნება
ლოდების ცივის,
თავდავიწყება,
თავდავიწყება,
თან თოვლი მოდის,
თან ქარი წივის.
მაგრამ ამ სუსხით
ფხიზლობს გონება,
იგი ახლოა,
მიწა!
მთოვარი!
და ახალ ქვეყნებს
ეპატრონება
ავიატორი
შეუპოვარი.
როგორც აუზზე
ყრუ
ჰაუ-უ-უ,
ის გადაუარს
ამ აურზაურს.
ის გადაუარს
არააქაურს
არარაობას,
ო, არასოდეს აღარ დაუცდის
სხვას არასოდეს.
უ-უ-უ-უ-უ.
მიზუზუნებს
ჰაეროპლანი.
დაიპყრო მხარე,
ყოველი მხარე.
შეიჭრა, სადაც
ვეფხვია, სპილო.
გაიპო მთები,
გაჰკვეთა ქარი
ოკეანეთა
გახია ტილო.
დაჰქრის საზღვრებზე
გაბედითებით,
ამაყ სიზმრებით,
დიდის დიდებით.
მის გულს სწადია
ახალი ღვარი,
გამარჯვებათა
ოქროს საზღვარი.
ო, საქართველო
დაგჩაგრა ომმა,
ბედს მიგცა მწარეს,
ჭირს მიგცა მრავალს.
აწ ნდობა მოგცეს
ჰაეროდ მჯდომმა
ცხოვრების გზაზე
ფეხით მიმავალს.