თვითეული პოეტი ..


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

თვითეული პოეტი
ახლა ინჟენერია,
ახალ დღეთა აგება
მის დროშაზე წერია.
სწორზე უსწორესი დრო
დანთებული ვადითა,
არ ჰგავს იმ მდინარებას,
სიმშვიდე რომ ადიდა.
შექმნა, გამოგონება
თუმცა ძნელზე ძნელია,
ახლანდელი პოეტიც
გამომგონებელია.
თვითეული პოეტი
ნამდვილ საქმეს აკეთებს -
ის შლის ლექსთა ფართობებს,
მიტოვებულ ნაკვეთებს.
იგი რევოლუციურ
დროის ბარომეტრია.
თვითეული პოეტი
ყურადღების ცენტრია.
თუმცა ეს ყურადღება
მუნჯი არის, ფარული,
მასში თანაგრძნობაა
ჩვენი, პროლეტარული.
თვითეული პოეტი
მებრძოლია მშრომელი,
მუდამ შეგნებული და
მუდამ დაუცხრომელი.
ის შრომობს და არ ჰყვედრის
გარემოს უენობას,
მშვენიერს და უმაღლესს
როცა აგებს შენობას.
ეს შენობა ძლიერი
მისი აგებულია,
მაგრამ იქ ბინადარი
მხოლოდ მასის გულია.
თვითეული პოეტი
გრძნობს, რომ ეს ენერგია
მილიარდ გატაცების
ერთი პირმშო ნერგია.
იგი ზღვა ელექტრონის
ლამპების ციმციმია,
მისი მეგობარია
ტექნიკა და ქიმია.
ლექსი შემოკლებული
სივრცე არის დროისა,
მკვეთრი გამოძახილი
ახალ სამყაროისა.
როცა კლასი თავისად
ჩასთვლის გამოგონებას,
ზოგიერთი უწოდებს
დაჩაგვრას და მონობას.
შევქმენიო მშვენება
დიდი, ხელუწვდომელი
და ჩემს შემოქმედებას
თვისად სთვლისო რომელი?
თვითეული პოეტი
გრძნობს - ეს არის დარება
უმაღლესი, ნამდვილი
მისი აღიარება.
ზოგს სხვაგვარად ჰგონია
და მხოლოდ ეს ახელებს,
მასა მის ხმას იყენებს,
მას კი არ ასახელებს.
რა დროს ვისმე ძებნაა,
ძებნაში ვინ გაერთო,
შენიც, ჩემიც, იმისიც,
ყველასია, საერთო!
გონიერი პოეტი
გრძნობს - ეს არის დარება
უმაღლესი, ნამდვილი
მისი აღიარება.
თვითეული პოეტი,
პირმშო გარემოისა,
არის ახალთახალი
კაცი ახალ დროისა.
ახალ ადამიანში
უდიდესი ისაა,
რომ ის არა თავისი,
არამედ მასისაა.
და ეს არის ახალი
დარის გამოდარება -
უდიდესი, ნამდვილი
მისი აღიარება.
თვითეული პოეტი
ძველით მით განერჩევა,
რომ ის მასობრივობას
თანდათანად ეჩვევა.
მასას არ ენატრება
ნისლი ძველ სიმბოლოსი.
ძველი არც იბადება
დიდება და კოლოსი.
იგი არც საჭიროა
ცივი, მიეთ-მოეთი,
საზიზღარი რუტინა,
შურიანი პოეტი.
შური, გაუტანლობა
ძველი დროის სხვა არის.
მაგრამ დამკვრელობა და
შეჯიბრება სხვა არის.
აქ ზოლივით იშლება
მიგნებათა მორევი,
აქ არ გამოიხარებს
გრძნობა ნამეორევი.
ეს კარგია, როდესაც
კვდება ძველი ციფრები.
მაშ, ძირს შური! საქმისთვის
საქმეს შეეჯიბრები.
თვითეული პოეტი
ახლა ინჟენერია,
ახალ დღეთა აგება
მის დროშაზე წერია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი