0 316

მარგვლას რომ მორჩა გლეხობა ..


მარგვლას რომ მორჩა გლეხობა
ისე, ვით წინად ხვნა-თესვას,
ამბავით გადაეღობა
აქ ნათესავი ნათესავს.

მღელვარე და ფეროვანი
ომმა შესწყვიტა რა ლხინი,
ომში წამსვლელის ხმოვანი
მოისმის ცხენის ჭიხვინი.

ო, არ იქნება, არ იგრძნოს,
წინათგრძნობა არ იცვლება,
ცხენი ხომ პატრონს ხმით იცნობს
და სწრაფად პასუხს იძლევა.

შეშფოთებაა!.. ფაშიზმის
ურდო - ურდოზე დინდება.
„ომი დაიწყო“ - ხმა ისმის
და ცხენიც აჭიხვინდება.

„ჩვენ წავალთ, თქვენ აქ დარჩებით,
შრომისთვის თავგანწირულნი.
შეგვმოსავს იქ გამარჯვებით
აქ თქვენი შრომა გმირული“, -

ამბობს წამსვლელთა ქუხილი,
ბანს სცემენ მთათა ციხენი.
სიფიცხისა და დუღილის
გაისმის ცხენის ჭიხვინი...

„- ეხლა კი, ძმებო, ნახვამდის“.
„- გამარჯვების გზა, მედგარი“.
ცხენს მოახტება, ლაგამს სცდის
და მიჰქრის, მიჰქრის მხედარი.

გულს ომში წასვლა უხარის.
გარდავლოს კლდენი, რიყენი,
ქარიშხალსა ჰგავს მქუხარეს
მგზნებარე ცხენის ჭიხვინი.

ბერავს ნესტოებს, გლეჯს ლაგამს,
ქარში გაშლილა ფაფარი.
მართლაც რომ დევგმირს მიაგავს
მხედარი... მიაქვს მთა-ბარი.

ყოველმა იცის: დიადი
გამარჯვებაა გვირგვინი.
დაბრუნებისას, ზვიადი -
ისმოდეს მერნის ჭიხვინი.
კომენტარები (0)