0 429

მდინარის პირს შუაღამით ისმის ჩურჩული ..


მდინარის პირს შუაღამით ისმის ჩურჩული.
ჩრდილი მთვარე იღალება თვალდალურჯული.

რა ვიცოდი - ისმის ქარში - ბედის მდურება,
გადაბრუნდა უცებ ნავი... უბედურება!

დავიღუპე, დავიღუპე, - ისმის ჩურჩული, -
რა მიხსნიდა, რა მიხსნიდა: ბედი თუ რჯული?

ოჰ, მერანმა თვალბნელ წყალში გადამისროლა,
მომეზმანა შორეული ადამის ქროლა.

ცხენი მყავდა, ღამეს ჰგავდა მისი ფაფარი,
დიდხანს ჰქროდა იგი ველად მიუსაფარი.

შევსცქერივარ ეხლა ტაძარს: თვალ-ალმაცერი,
სადაც ღამით ვეჩქარები ჯვარდასაწერი.

მან, ციერმა, ჩემი ბედი იცის თუ არა?
რომ ჩემს ზეცას ამნაირმა გზამ გადუარა?

დაიღუპა ჩემი სული დიდიხანია,
ოჰ, რამდენი მოგონება ამიტანია.

და დავქრივარ ზვირთთა შორის როგორც ჩვენება.
თან მაქვს თოფი და ლეკური ძველი შვენება.

ხან იქ, ხან აქ მიმაქანებს ქარი ბოროტი -
ეს ჩემს თმებში იფრიალებს ქარი ბოროტი.

თვისთა შორის ასე ობლად უნდა ვიარო,
და ბუზების მესმის ოხვრა სამგლოვიარო.

დაფერფლილი ლანდად რომ ჩანს - ჩემი ტანია,
თევზმა დახრა ხორცი ჩემი დიდიხანია.

მდინარიდან ჩემი ძვლები ქარმა მოყარა
და ძვლები კი ნაპირებზე მიყარმოყარა.
კომენტარები (0)