მე მარწმუნებდენ: ფოთლები გაჰქრა ..

მე მარწმუნებდენ: ფოთლები გაჰქრა,
ცა არ არსებობს მღვრიე თუ წმინდა,
რაღაც უნიჭო ოცნებამ დაჰკრა
და სიშავეში იგი გაყინდა.
მე მარწმუნებდენ, რომ არ იქნება
შენ დაუსჯელად გიყვარდეს იგი,
მარწმუნებდენ, რომ არ გადიქმნება
მკაცრი დღეების ყოფა და რიგი.
მე მარწმუნებდენ, მიწას სწვევნია
ჩვენთვის უცნობი სხვა სამყოფელი,
მე მათ ვარწმუნებ, რომ მირჩევნია
მოვკვდე, თუ მოკვდა მთელი სოფელი.