მე მახსოვს მუშა ..


მე მახსოვს მუშა.
ის ატარებდა
გულმტკიცე კაცის
სახელწოდებას;
იმისი გულის
სხვა გამწარება
უძლებდა დროთა
გაბოროტებას.

მასში არ ჰქონდა
თუნდაც სულ მცირე
ადგილი ოხვრას
და შეცოდებას.
რაც სევდა მწველი
გულს არ სწვევია,
ცრემლები მაინც
თვალს არ სჩვევია.

და ერთხელ ისიც
ატირდა მწარედ
ადამიანურ
ცრემლების დენით,
ეს უეცარი
იყო იმგვარად,
რომ მეგობრები
გაშეშდენ წყენით.

მოულოდნელი
ცრემლები ღვარად
რაოდენობით
სდის ესოდენით.
ცრემლი საქმეა
ლამაზ ღვთაებათ;
მეგობრებს წამსვე
ენა დაებათ.

და კანკალებდენ
მხრები იმისი
უფრო და უფრო
ქვითინით მეტით,
რაღაც სასტიკი
და უმძიმესი
არაჩვეული
სასოწარკვეთით.

გული, დაბმული
მაგარ სიმებით,
მგზნებარე  ერთი
ნათელი სვეტით
როდიდან გახდა
ასეთი ჩვილი?
ეს ისტერია
იყო ნამდვილი.

გული თითქო მთლად,
მთლად დაიხურა.
ხელი ჰხევს გაზეთს -
წყეულ სატანას.
„წყალი!“ და ქალი
გამოეშურა
ქარხნიდან წყალის
ამოსატანად.

ცხელ შუბლს რა ცივი
წვეთი ესხურა,
მოსულიერდა
და დაატანა
ჩუმი ქვითინით:
რა სიკვდილია,
იქ... წიწამურში
მოჰკლეს ილია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი