მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა ..


მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა,
უუნაგირო და ულაგამო,
რაც მაბადია და რაც მებადა:
მოგონებაა - შორი საღამო.

აღტაცებანი გვწყუროდა თანა,
სულით მაღალი და ჯანსაღ-ამო.
ახალგაზრდობის იყო ის ხანა,
ის მშვენიერი იყო საღამო.

რა ვაჟკაცი ხარ, თუ არ გახსოვდეს -
სიტყვა და საქმე შეასაბამო.
არ დაგავიწყდეს შენ არასოდეს:
საღამო ზღვაზე, წყნარი საღამო.

არ დაშვებულა ჯერ კიდევ ფარდა
და გულიც სცოცხლობს სულ იმის გამო,
რომ ჩვენ სამშობლო გვიყვარს, გვიყვარდა -
ჯერ არ დამდგარა მისი საღამო.

როს მეგობრები შევხვდით ერთმანეთს,
შორი, ვრცელი და დაუსაბამო,
გაყრისა ჟამი ჰქონდათ ზღვას და მზეს,
მხნე, მშვენიერი იყო საღამო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი