მხოლოდ მსოფლიო ..

მხოლოდ მსოფლიო, გენიალურ ჰარმონიის აზრს
ვემსახურებით ჩვენი საქმით, ჩვენი კალმებით,
ის ჰარმონია დამკვიდრდება, ის ჰარმონია!
აი, პირველი: რითაც, სტალინ, მოგესალმებით!

მსახვრალი ხელი რომ არხევდა მსოფლიო აკვანს,
კაცობრიობა, ჯერ ყმაწვილი, მასში სტიროდა.
ძნელ არტახებში, უბოლოო წვასა და დაგვას
თან სდევდა დარდი მისწრაფებათ უნაპიროთა.

მაგრამ გაისმა მკაცრი ნანა სხვაგვარ ღრუბელის,
ძარღვდაჭიმული ნებისყოფა, სასტიკი ზიზღი!
ადამიანის, ბორკილიდან თავისუფალის -
დამკვიდრებისთვის დაიღვრება კვლავ ბევრი სისხლი.

ხუთ მეექვსედზე სიხარულით ნაპერწკლებს მატებს
ხმა გამარჯვების, ახალ დროშის, ახალ ლექსების,
ძველ დედამიწას, ძველს სიმღერებს, ძველს ფოლიანტებს
ახარებს შუქი დედამიწის ერთ მეექვსედის.

ყოველი ქვეყნის მშრომელების ბელადო: ვაშა.
სტალინთან გული საგულეში ჩვენ გვეგულება,
თხუთმეტმა წელმა საქართველოს გაურიჟრაჟა
სტალინისადმი სიყვარული და ერთგულება!

მხოლოდ მსოფლიო გენიალურ ჰარმონიის აზრს
ვემსახურებით და სტალინი ჩვენი ღონეა.