ნაძვის ხეებს ელვარება ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ნაძვის ხეებს ელვარება
ანთებს სიახლოვითა,
ახალი წლის, მეათე წლის
სიხარული მოვიდა.

წარსულიდან სამწუხარო
ბევრი გახსოვს, ბუხარო,
ის ქოხმახი, იგი ველი,
უგუთნო და უხარო.

ჩვენი სახლის მტერი იყო
ომის ცხარე გრიგალი,
მან აგლიჯა სახურავის
ყავარი თუ ფიქალი.

იდგა, უსახურავო და
უსაკეტო, უკარო,
ვით ოდესმე, ხანძრის შემდეგ,
კვლავ ასე სამწუხარო.

გადანგრეულ-გადამწვარი
ქალაქის და სოფელის,
ნანგრევებზე შენ იდექი,
მოწმე, ყოვლის მცნობელი.

ოქტომბერმა რომ დაბერა,
მხარე გაასხვაფერა, -
აგუგუნდი... აწ რას ამბობ,
რა ვქნა, რამ დაგაბერა!

კვლავ სასახლედ იქცა ყორე,
ოქროს ხალი დააგეს,
გათბა ისევ და განათლდა
გული სოფელ-ქალაქის.

თუ რომ იქით, საზღვარს იქით
გრიგალი და ქარია,
ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში
ეხლა უშიშარია.

რაც წელია აქ მარად-დღე
განძს თვლის მუშა ყოველი,
გლეხიც ასე გაიძახის:
უხვ მოსავალს მოველი!

ქვანახშირზე და ფოლადზე
მღერის, რაც კი ჯარია,
ჩვენი მხარე ნათელ შრომის
მტკიცე საყუდარია.

და რაც წელი მიდის, ყველგან
მძლეა ჩვენი ქვეყანა,
განადგურდა, რაც კი მტერი
ჩვენსკენ გამოექანა.

აივსება ყველაფერი
პურით, ღვინით, დოვლათით,
განახლების სიხარული
საერთოა, ყოვლადი.

სიყვარულით იცავს საზღვარს
ჯარი თავდადებული,
რაც დრო მიდის, სულ მაგრდება
მხარე აყვავებული.

ჩრდილოეთის პოლიუსის
ყინვას არ გრძნობს რჩეული,
აგუგუნდი, გახალისდი,
დარდებს გადაჩვეული.

აშუქებენ გზას წიგნები,
მშვენიერი წიგნები,
გაშლი „ვეფხისტყაოსანს“ და -
ვეფხად გარდაიქმნები.

ნახავ კიდეს შავი ზღვისას
გზებით არა შორითა -
ციტრუსების რკალით როგორ
ჰყვავის ჩვენი ფლორიდა.

აჰ, ბავშვებო, ნეტა სადმე
ერთი მხარე მაჩვენა,
სადაც მეტი იყოს ზრუნვა
თქვენზე... ნეტავი თქვენა!

დაშრეს ნისლი! გვინდა, გვინდა
ჭაობების დაშრობა.
ლაქაშს სტოვებს და მყინვარზე
ეშურება ლაშქრობა.

ახალი გზით მიდის ჩვენი
ურღვეველი კავშირი,
ჩვენი თუჯი, ჩვენი ოქრო
და ჩვენი ქვანახშირი.

ნაძვის ხეებს ელვარება
ანთებს სიახლოვითა,
ახალი წლის, მეათე წლის
სიხარული მოვიდა!