რა ამაოდ გუგუნებს ..

რა ამაოდ გუგუნებს წუთისოფლის დარდება:
ქარო, რამ გადაგრია, ზღვაო, რა გემართება?

რა უბრალოდ იტაცებს მოგონება ნიავებს,
ცას არავინ ავარდებს, გზას არ მოაიავებს.

რა ამაოდ მწუხრისთვის ფითრდებიან ბინდები,
სულო, ნუ დაეცემი. გულო, ნუ შეშინდები.

მიაქვთ კუბო.. ღამეა.. მოდის შიში შორევი,
რა ამაოდ ირევა წუთისოფლის მორევი.

ვხედავ: დღეთა ძონძები ქაოსს ჩამოეკონა -
შენ კი ეს გაზაფხული ისევ შენი გეგონა.

ყველაფერი გათავდა. ფიქრი სულს ეზიდება..
რა ამაოდ გვაბრმავებს წუთისოფლის დიდება.

წყნარად, ნუ აინთები ჩქარი გამოელვებით,
რა უბრალოდ იღლები წუთისოფლის ღელვებით.