სად ელლინელთა მთაა ..

სად ელლინელთა მთაა - გიმმეტი -
მთიდან რომ მოსჩანს ძველი ათინა -
ფალერის ყურეს - როგორც იმედი,
ჰანგმა მდინარე შემოადინა.
მდინარის პირად საკურთხეველი
ბორეის მშვიდის - მოსჩანდა თეთრად.
იდგა მუზების შეურხეველი
სავანე, იდგა თეთრი დემეტრა.
მუზებს სავანე ის ეფერება,
მდინარის პირად ჰყვავის ალოე,
იყო ისეთი იმ ხნის ჟღერება,
ის სირთულე და სიუბრალოე.
რადგან მდინარეს ერქვა ილლისი -
მუზებს ეძახდნენ ილისიადებს,
ზღვისპირად ჩანგი უმახვილესი
ჟღერდა ელლინელთ სხვა სიდიადეს.
მაგრამ დრო, რამაც გაამნათობა
და დაათოვა ბრმა ძლიერება,
ბრმა უმართლობა და ძალადობა,
სიხარბე, მანკი, ბიწიერება
ანებივრებდა დიდ ფუფუნებით
და აბრუნებდა დარბაზთ ზნეობას,
აქ ძველი ზარი უსალბუნებდა
და გუგუნებდა პირმოთნეობას.
და მონას, ვისაც ამწუხარებდა
ჩაგრულ მხარეთა მძიმე შრომის გზა,
გაზაფხულის მზე არ ახარებდა,
არ ახარებდა არც ზაფხულის ცა.
თუ ხეთ სიგრილეს გადაჩვეული,
გარსმოხვეული ნისლთა ობობით,
ხალხი, უხეში ძალით ძლეული,
დაცრილი იდგა შემოდგომობით;
თუ ვერ აჩენდა სითბო-სიმშვიდეს
ზამთარი ცივი, ზამთარი ავი,
თუ გადაცქერდა კიდითი-კიდეს
შავ უბედობის ვარსკვლავი შავი -
დადგა დრო და ის ზვავიც აზვინდა
გრძნობათა წმინდა ცეცხლის ფარულის,
ცაზე ვარსკვლავი უნდა გაბრწყინდეს,
შუქი გაბრწყინდეს დიდ სიხარულის,
გაიფრიალე, დროშავ ერთგულო,
გაიფრიალე ღელვით ნაფერით.
სამშობლოს ეძებ შენ, ხალხის გულო,
სამშობლოსათვის გსურს ყველაფერი.
გსურს სხვა მოსავლის ზღვა მოაქუჩო,
გინდა სხვა ქურა ააკანკალო,
ის შენ დაგეძებს, მძლავრო ჩაქუჩო,
ის შენ გეძახის, ბასრო ნამგალო!
ოქროს თავთავი აართვას სამკალს
და სამკაულთა  დასწნას გვირგვინი,
რომ ის დაადგას საბერძნეთს ლამაზს,
რომ გზა შეემკოს ნათელი ბრწყინვით,
აქოს, ადიდოს ბედნიერების
სხივებისათვის ქმნილი კანდელი,
ყველა ჩანგები მასთან იჟღერებს,
მასთან იმღერებს დღე დღევანდელი.
გდევდეს ახალი ამეტყველება,
როდესაც ფრთებით ცად შევარდები,
უკვდავ არიან შენი მცველები,
შენი გმირები და შევარდნები.
შემსრულებელი მსუსხავ რისხვის ჟამს
უდიადესი და საღვთო ვალის,
ჟამს ანგარიშის გასწორებისას -
ჯარი მომსპობი ყველა მტარვალის,
ჯარი დუშმანით არკმაყოფილი,
მტრის ულმობელი, ძმასთან კეთილი,
თავისუფლების მცველად შობილი,
ხალხის წიაღით გამობრძმედილი,
წინ მიისწრაფვის ასე ნაზარდი,
უფლებისათვის ომში წრთობილი,
მტკიცეა მისი ფარ-მუზარადი,
მიზანი მისი - კეთილშობილი.