სარკმელი საღამომ ..

სარკმელი საღამომ
და ფარდამ დაბურდა,
სანთელი მბჟუტავი
მთლად გაუდაბურდა -
მას შემდეგ, რაც შენი
სახება ბინდბუნდზე
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.

კისკასი, მგზნებარე,
ცრემლები მდუღარე,
იმ გენიალური,
ბრწყინვალე, მწუხარე
თვალების ნათება,
იდეა მქუხარე,
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.

იმ გენიალური
თვალებით დიადით,
რაითაც ცოცხალი
ხდებოდა წყვდიადი,
ისე, ვით შორს, სადღაც
იელვებს სიათი,
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.

მგონია, იმ თვალთა
გაქრობას ავი და
მწუხარე სიმღერაც
თან წაჰყვა ზვავითა,
თვით ჩემი სიცოცხლეც
იმ გზებით წავიდა:
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.