ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს ..

ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს:
რა გრიგალია, რა ხმაურობა...
ეხლა უშენოდ, ღელვათა შორის
მიდის პოეტის მოგზაურობა.

ნუ გებრალები! ამ ქვეყნად არვისს
მე არ მოველი მოსვლას უშორესს,
როდესაც ესმისთ სიმღერა მგზავრის,
ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს.

ჩემი სიცოცხლე ბრძოლამ დალია,
თუმც მწუხარებით არ ვითალხები,
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია,
ერთიმეორეს გლეჯენ ტალღები.

მაგრამ რომ შემხვდეს შენი თვალები,
როგორც შეფერის თვალთა სისწორეს,
რა აღტაცებით მე და ტალღები
გადვეხვევოდით ერთიმეორეს.