ურცხვად მიეშურება ..

ურცხვად მიეშურება
მთებისკენ იტალია,
მისი ხელდასაყრდენი
ისევ კაპიტალია.

იგი აბისინიის
უნდობარი მტერია,
საჰაერო ძალებით
მიჰყავს არტილერია.

და გარშემო შემკრთალი
იყურება ევროპა,
იყო ცივი ზამთარი,
იყო უმუშევრობა.

იქნებ ომის დაწყება
ახალ დროის ფუძეა?
იქნებ მხარეს მძლეველი
უცდის რევოლუცია?

იქნებ ერთიანობას
მისთვის ითხოვს ხალისით,
რომ მსოფლიოდ აღმართოს
დროშა სოციალიზმის?

ხალხი ამის მომხრეა,
ფაშიზმის კი მტერია:
მხსნელი კაცობრიობის
მოვა, - ეს ნათელია.

მაგრამ მიეშურება
მთებისკენ იტალია,
მისი ხელდასაყრდენი
ისევ კაპიტალია.