ქსენძიც ამბობდა ..

ციკლიდან „პაციფიზმი“

ქსენძიც ამბობდა: „ვარსკვლავთა ზევით
არისო მხარე
სამოთხისგვარი.
თავბრუდამხვევი, როგორც ოცნება,
როგორც სიზმარი.
ყველა ჩვენგანი იყოო როსმე
იმ საიდუმლო, უცხო მხარეში
და რომ არ გვტოვებს მის მოგონება,
მიტომ ვდნებითო სიმწუხარეში.
მაგრამ როგორც კი გავცილდებითო
ხილული ქვეყნის იდუმალობას,
გავა, გაჰქრება ეს მწუხარება
და მოგონების უსახო გრძნობა.
სული ჰპოებსო სულთან სიყვარულს
და მეგობრობას
ტკბილ ცრემლთა ფრქვევით,
არ დაერიდოთ არც ომში სიკვდილს,
სამოთხე გელისთ ვარსკვლავებს ზევით“.
ამგვარად ქსენძმა ვარსკვლავთა მხარეს
ზევით და ქვევით დიდხანს უარა.
ქსენძი:
რაცა ვთქვი, ხომ მართალია?
მასსა:
ო, გველო! ო, მატყუარა!