0 186

ჩვენი საზღვრები გადმოილახა ..


ჩვენი საზღვრები გადმოილახა...
გზა იწვის, იწვის.
მჭედელმაც ბრძოლა გზად დაისახა,
ის გაიწვიეს.

ის თავის ქურას ხვალ მოშორდება.
საკინძ-გახსნილი,
გავარვარებულ ლითონს სცემს უროს,
უკანასკნელად.

ძალას ედრება რაღაც ზესთა-ზეს.
მკვიდრი, ლიტონი
მზერით დამწველი აგვისტოის მზეს
აგავს ლითონი.

ფიქრი შუბლიდან გადაიყრება,
ხელი ხმალს სჭედავს.
ხანდახან განზე გადაიხრება:
ყვავილს დახედავს.

გახსენებათა ფურცლების შლილის
დრო არ იცვლება:
გადავიწყება იმ ქალიშვილის
არ შეიძლება.

შემოდის მძიმედ მამა მჭედელი.
- „აქ მომე, შვილო,
გადმომეც, შვილო, მე შენი გრდემლი,
არ შემეცილო!

ომის დაწყების წელიწადია
და შენაც წახვალ,
იცოდე უნდა, რაც მე მწადია,
რაცა მაქვს ზრახვა.

მე აქ ვიქნები შენი შემცვლელი...
გახსოვდეს, რომა
აქ ჩვენაც გვმართებს, თქვენი იქ მცველი,
გმირული შრომა“.

ასაღამოვდა; მას, მსგავსებას მზის,
შუქთ დასასკვნელად,
ქალიშვილს ჰხვდება არა მრავალგზის -
უკანასკნელად.

გამოხედვაში მშვიდი ღიმილის
მზე ჰბურავს თვალებს.
ნისლთ სიმსუბუქის, გაყრის სიმძიმის
ხსოვნა კანკალებს.

უმეორებელთ ნაწნავთა იმათ
მთელი გენია
მთრთოლვარე გულზე ჩანჩქერთა წვიმად
ჩამოფენია.

ო, მშვენიერთა, ელვარე თვალთა
გრძნებით თოვება
ამხელს, ვით უმძიმს ქალს მის ძვირფასთან
გამოთხოვება.
კომენტარები (0)