1917. თებერვალი

გამოვედი, თებერვალმა
დახსნა ციხის კარები.
ო, ახალი ცხოვრებისკენ
ისევ მივეჩქარები.
გზაზე მხვდება მიტინგები
მუშების და ჯარების,
ეს პირველი მერცხალია
უკვე გამოდარების.

გული არ მაქვს საგულეში,
სოფლად წასვლას ვაპირობ:
ჩემი მხოლოდ ჯარებშია
საქმე საპირდაპირო.
სოფლად! სადაც კრებებია
დაღლილ ჯარისკაცების,
დუღს, გადადუღს მღელვარება,
გამწარებულ მასსების.
აი, სად დუღს მუშაობა,
ერთგული და მხურვალე,
და სად ჰპოებს მოსვენებას
მუშაობის მწყურვალე.

ჩვენთან ერთი რურუაა,
(ეხლა უკვე ფრონტზე ვარ),
დივიზიის კომიტეტის
თავმჯდომარედ გავიდა.
არ მინახავს ახალგაზრდა
ასე თავდადებული,
ალბათ გული მგზნებარე აქვს,
ცეცხლად გადანთებული.
მაგრამ ერთი დიდი ნაკლი
დამჩნევია წუთობით -
რაღაც თავის ნაწერები
თანვე მოაქვს ფუთობით.