9 სიყვარული
ცხრა ჩემთვის მზიანია, ელვარე და ლომფერი. როცა მე დავიბადე, იყო ცხრა ოკტომბერი. შემდეგ ნაზი დღეები თვალმა ვეღარ დათვალა, დღე ყოველთვის ცხრა იყო, და მზე მუდამ - ცხრათვალა. ოჰ, ტკბილო საქართველო! სუნთქვა გაუმაძღარო, შენი სახელებია ცხრამუხა და ცხრაწყარო. ცხრა - არჩევის დღე იყო პოეტების მეფეთა. ცხრას - პირველი გრიგალი გზაზე შემომეფეთა. სიტყვაში: რუსთაველი ცხრა ელვარე ხანია, სახელიც: გალაკტიონ - მხოლოდ ცხრა ანბანია. მახსოვს ზამთრის დღეები და სიბნელე გვიანი - როგორ უცებ მშველოდა ისევ ბუხრის ცხრიანი. ოჰ, ოცნებავ ყრმობისა, ცრემლი იყო ღვარული. ცხრა კლდესაც გაალხობდა ჩემი ცხრა სიყვარული. ცხრა ჩემთვის მზიანია, ელვარე და ლომფერი, როცა მე დავიბადე, იყო ცხრა ოკტომბერი.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი