ARS LONGA, VITA BREVIS*

სიცოცხლე
მთა და ხევის
ხანმოკლე
ხმაა ნგრევის,
სად გონგი
გრგვინავს დევიზს:
Ars longa
Vita brevis!

წიწამურს
ყველა მარად
ჩასთვლიდეს
ყოფნის კარად -
რომ ყოფნა
იქცეს ქნარად -
Ars longa
Vita brevis!

წამიერ
გულის ჟინთა
კაცს ცეცხლი
მისთვის გინდა,
რომ უკვდავს
ერქვას წმინდა!
Ars longa
Vita brevis!


* სიცოცხლე წარმავალია, ხელოვნება კი - მარადი.