აგერ გამოჩნდა ვარშავა

აგერ გამოჩნდა ვარშავა.
უკან მოგვჩხავის ფრინველი
კლანჭ-დაბასრული, ფრთაშავა,
ცივი ხმით გულგამყინველი.

ან თხრილებია, ან განა
ხრამია მსგავსი სამარის,
ხრამში აგდია მანქანა,
შეხედეთ, აბა, ეს არის?

მანქანებს რომ ეფერება
შრომის გუგუნი ზვიადი,
ეს არის ბედნიერება
განუსაზღვრელი, დიადი.

თუ, როგორც გრგვინვა ქარისა,
წინ მიდის ჩვენი დროება,
ამისი შესადარისი -
ჯილდო არ მოიპოება.

მზე, არა გამათხოვრება!
პირდაპირ, არა გან-განა!
თორემ ეს არის ცხოვრება?
ეს დამსხვრეული მანქანა?