ათასის მხედველობა, ათასის იერი!

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

იყო ომი. რაც სისხლი აქ დაღვრილა
მეფის, ჯვარის, კაპიტალის წყალობით -
ახლა ამ ძვლებს, მიწაში რომ ჩაყრილა,
რას უშვრებით? როგორ დაემალებით?
რამდენის გზას დასიცხულს და ნაგვალევს,
არ იგონებს არავისი მისსია:
კარპატებიც არ ინახავს ნაკვალევს,
ქუჩის მტვრისთვის სისხლიც უვარგისია.
არვის ახსოვს არც სახელი, არც გვარი,
დრო ივიწყებს, არა უდარდელობა,
მაგრამ მაინც ძლიერია ამგვარი
უსახელო მიცვალების ხელობა.
ამ ხელობას ხელობა არ ედრება.
ამ უცნობი კაცის ჩონჩხი ბრძენია!
უწვდომია გონების ამკვეთრება,
უსაზღვროა მისი ცოდნის გენია.
ათასის აქვს მხედველობა, იერი.
ათასის - მზე, სმენა - ასი-ათასის.
ბნელ ღამეში იგი ამჩნევს ცბიერი -
რას სხვა ვერ სჭვრეტს დღისით - უდიადესით.
მთას მიარღვევს, ცა და მიწას ედება,
საიდუმლოს კლასებისას ის ეძებს,
იყოს ფერფლი, იყოს თავგამეტება,
საგნებს ეძებს და მიზეზთა მიზეზებს,
მოიგონებს სულშეხუთულ ზაფხულებს,
და ღამეებს მძიმეს მეომართათვის.
როცა მძინართ ველად მოინახულებს
გახურება მომწიფებულ მკათათვის.
ის მისცურავს, არ-საჭირო, არვისი,
ის ყურს უგდებს ხმათა აღორძინებას,
და ხანებში ქარვაზე უქარვესი
მისდევს გაზის ფოსფორიულ დინებას.
ბრძოლის ველზე ენერგიის ამ მარაგს
როს სიკვდილის ეუფლება ბურუსი,
არსებითი მნიშვნელობა არა აქვს
ქართველია, ოსმალელი თუ რუსი.
ის იგონებს, საიმედო ვინა ჰყავს,
მებრძოლთ რიგი ისევ ისე ჩნდებიან.
ბრძოლის ველზე აგროვებს და ინახავს
იმ ჭრილობებს, რომ არ მოშუშდებიან...
და კვლავ ისევ მოგონებად ეშვება
მოტეხილი წლები აბინდბუნდების,
კივილის გზა, გრიგალების შეჩვევა,
მექანიკა დაფლეთილი კუნთების.
გაიღვიძეთ!.. ჰკივის სისხლი უცნობი,
გაიღვიძეთ!.. ხმას იძლევა ხეობა,
სასაკლაო! ვინ იყო ის უგრძნობი,
რომ ამ ადგილს დაადგინა მკვლელობა?
ფიქრი ღმერთზე შარშანდელი თოვლია.
ჩონჩხი ღმერთსაც არ იწამებს მამაოდ.
გმირს ამაოდ ქვეყნად არ უცხოვრია
არც მომკვდარა უბრალოდ და ამაოდ,
თუმცა ხმალი ერთხელ მას მოერია
და სიკვდილი ჩამოეშვა ღრუბლებად,
თუმც ფერფლია, ნაცარია, მტვერია!
ის იტოვებს გარდაუვალ უფლებას.
ის გაჰყვება კვლავ სისხლიან მდინარეს,
წითელ კორდებს, მოგუგუნე ხეობას.
გაიღვიძეთ! უიმედო ვინ არის?
ვინ ქადაგებს შიშს და ერთსახეობას?
ვინ დაეძებს ბნელ სოროებს და ღრუებს?
გაიღვიძეთ, ვინც სიზმარში გაერთო.
უკანასკნელს სხვა ომს გადააყრუებს
აჯანყება! აჯანყება! საერთო!..
ძლიერია უცნობ ჩონჩხის ხელობა!
მწარე ომის ძლიერია იარა.
ის მეტს ამბობს, ვინემ მჭერმეტყველობა,
ვინემ სისხლი, აქ რომ გადაიარა!
ბრძოლის ველზე ენერგიის ამ მარაგს,
როს სიკვდილის დგება დრო საშინელი,
არსებითი მნიშვნელობა არა აქვს,
ქართველია, სპარსელი თუ ჩინელი.
ინვალიდიც ომში ბევრჯერ ერია,
ბევრი ჯარი გაჰქრა ღამის ღრუბლებად,
თუმც ფერფლია, ნაცარია, მტვერია -
რევოლუციონურს ის იტოვებს უფლებას.