ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყოველს,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღსდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი.
დააგვიანდათ.