აკაკის გარდაცვალების გამო

საქართველოვ, რა გაწუხებს, გული რისთვის გტკივა?
რისთვის კვნესი ასე მწარედ, ცრემლი რისთვის გცვივა?
ცეცხლი ერთხელ ანთებული ცეცხლად ისევ ღვივა,
ვერ ჩააქრობს მხურვალე ალს ნისლი ფრთატივტივა,
საუკუნეთ ღვიძლი შვილი ისე როდი კვდება,
და ვალმოხდილ ჩვენს წინაპრებს როდი უერთდება,
ძალი, ღონე თვის სიყვარულს თუ არ მოახმარა,
საქართველოვ, მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!

მზის სხივებით განათბობი, ვარდი როდი ჭკნება,
თუ თანდათან ახლოვდება გაზაფხულის გრძნება.
იადონი როცა ყვავილს ნანას ეუბნება,
როდი ახსოვს სიცოცხლისა და სიკვდილის მცნება!
ნეტავი მას, ვინაც იცის ქვეყნის ზნე და ფასი,
მწარედ აღარ ეჩვენება მას სიცოცხლის თასი.
და იგი კი, ვინც ყოფნისთვის შვების ცრემლი ღვარა,
უკვდავია... და აკაკიც არ მომკვდარა, არა!

კიდით კიდე საქართველო შესძრა, დაიარა,
რომ გაეგო მისი გულის წყლული და იარა.
ის ეწამა და ღვთიური ცეცხლით ეზიარა,
და სამშობლოს სახე იყო მისი თმა - ჭაღარა.
დიდხანს, დიდხანს არემარეს თავზე ადგა მცველად
და მღეროდა ისე გრძნობით, ისე გულდამწველად,
რომ სამშობლომ მისი ლანდი მტკიცედ შეიყვარა,
შეიყვარა და აკაკიც არ მოკვდება, არა!

სიყვარული ველ-მინდვრების და ქვითინი მთისა,
თავის უცხო და უსაზღვრო გულით შეითვისა,
მას ესმოდა ცის დუმილი და შრიალი ტყისა,
მან იცოდა მშობლიური წყაროს ხმა-კისკისა,

და არსება მისი მთელი, მისი სული წმიდა
ბუნებათა ზღვა-სივრცეში ჰანგად გადავიდა,
გადაეწნა მდუმარებას და თვალს მიეფარა,
დაიფარა, მარა მაინც არ მომკვდარა, არა!

ნეტავი მას, ცხოვრების გზას ვინც გაივლის ასე,
ძეგლად შექმნის მის სამარეს სხივთა სიკისკასე,
მის საფლავზე ყვავილები გაიშლება წყნარი,
და ბინდბუნდზე ნაზი ქროლვით შესძრავს ნიავ-ქარი.
გადააფრქვევს ყვავილების სურნელს დამატკბობელს
და ჩასძახებს: სასურველო, ცრემლს ნუ აფრქვევ, კმარა,
შენი ყოფნის სიამაყე არ მომკვდარა, არა!

გადაივლის საუკუნეთ რგოლი, სუბუქ-მქროლი,
მარა ისევ იელვარებს ცის ლაჟვარდი ბროლი;
და იქ ხელი იდუმალი, ვარსკვლავების სახით,
დასწერს სიტყვებს ამოქარგულს ვარდით და ზამბახით:
საქართველოს ჰყავდა და ჰყავს საამაყო შვილი,
დათრგუნა და შეაჩვენა თვით საფლავის ჩრდილი,
და უცვლელი უკვდავება ირგვლივ დაამყარა...
საქართველოვ! მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!

მის საფლავზე მძლავრი ნაძვი ტოტებს ჩამოაფენს,
უკვდავების და ცის ნანას ეტყვის მიდამოებს,
და მის ჩრდილ ქვეშ, იქ ყოველდღე საოცნებოდ მოვა
ახალგაზრდა და სევდიან მომღერალთა გროვა.
მოიგონებს მოხუც მგოსანს საუბარი წყნარი,
აკვნესდება, ატირდება, აღელდება ქნარი,
და მიდამოს მოევლება ხმები წარამარა,
ჩვენი ყოფნის სიამაყე სცოცხლობს, არ მომკვდარა!..