ალუბლის ხიდი

ცად რომ წვიმამ გადიარა
და აწითლდა საღები,
ჩვენმა ავტომ გაიარა
მშვენიერი ბაღები.
მიდიოდა შარა-შარა
ზამბახების თაღები,
ცაზე შუქნი ირეოდენ
როგორც ბაირაღები.
გამოჩნდება საცა არის
ხიდი ალუბალისა,
ახლო არის რეკვა ზარის
ვით ჩქრიალი წყალისა.
უცებ კვნესა შემოგვესმა
ახალგაზრდა ქალისა,
კოლექტივი წამსვე შესდგა,
ბაგე შეკრთა ლალისა!
ერთი მიდის და რას ხედავს:
ტირის ქალი პატარა:
გამოვედი შარაგზაზე
არა მომემატა-რა.
მხოლოდ ერთი უბინობა,
მწუხარება რა და რა!
ყურს დაუგდებს კოლექტივი,
ესმის როგორც ზღაპარი,
რასაც ამბობს მწუხარებით
ქალი მიუსაფარი.
მას ეტყვიან: - თუ შენა გსურს
არა ტყე და მთა-ბარი,
იყავ ჩვენთან, ყანები გვაქვს
სათოხნო და საბარი.
გაუხარდა უბინო ქალს,
როგორც დიდი წყალობა.
ეუბნება: - ამაზე მეტს
ცხადია თუ მთვრალობა?
რა ქალმა არ იმუშაოს,
შერცხვეს მისი ქალობა.
ალუბლის ხიდს რომ გავცილდით,
შაშვმაც მორთო გალობა.