აფხიარცა!

აფხიარცა! როგორ ჟღერდი,
როგორ ჟღერდი, აფხიარცა!
დამმარცვლელი ქუდზე კაცის
მსგავსი შენი იყო არცა.

როცა მტერი ზღვას გადმოსცდა,
მოიწია და, ვითარცა
ნიაღვარმან, ინაცვლა გზა:
შენ ზარს სცემდი, აფხიარცა!

ძარცვა ბევრი გისმენია,
მაგრამ იმნაირი ძარცვა?
ვერცა მიწა და ვერცა ცა
მსგავსს ვერ ჰგონებს, აფხიარცა.

დაინაცრა მისი ხსოვნა,
ვინაც მხარე ცეცხლს გადასცა,
თავს დაესხა ის აფხაზეთს,
როცა მხარე მოიქანცა.

ოდეს გმირმა არ ისურვა
და თაყვანი მტერს არა სცა,
როგორ თრთოდი, როგორ ჟღერდი,
როგორ ჰქუხდი, აფხიარცა.

მტერი თვისი მოყვრად არ სცნა,
ბევრჯერ მწარედ დაამარცხა,
ბევრჯერ ტანში გასცრა მომხდურს,
სასიკვდილოდ დაანარცხა.

ღრიანცელით მოგრიალემ
ვერ იფარცხა მისმა ფარცხმა,
სასახლეზე არ იცვლება
მაღალ მთაზე მდგარი ფაცხა.

და ფხიანი ვეფხის ნახტომს
ჰგავდა მისვლა მისი აწცა,
ბევრის, ბევრი გარდასულის
მომთხრობი ხარ, აფხიარცა.

აფხიარცა, აწ ბუმბერაზ
ზღვის გვიმღერე კიდევ რამცა,
სიყვარულზე, გმირობაზე
აგუგუნდი, აფხიარცა.

აქე მთები და ტყეები,
მათი ვარდი და იაცა.
ფხვიერ მიწის, ძველი ვეფხის
გვასმინე ხმა, აფხიარცა.